რეცენზია წიგნზე „ქალი ბიზანტიაში — კულტი და ხელოვნება“
ბერძნულად «Γυναίκα στο Βυζάντιο – Λατρεία και Τέχνη»
Abstract
სტატიების კრებული სათაურით „ქალი ბიზანტიაში - კულტი და ხელოვნება“ (ბერძნულად «Γυναίκα στο Βυζάντιο – Λατρεία και Τέχνη») 2012 წელს გამოიცა ქ. ათენში. კრებულში შევიდა ქრისტიანულ-არქეოლოგიური საზოგადოების (Χριστιανική Αρχαιολογική Εταιρεία (ΧΑΕ) 26-ე სიმპოზიუმის* მოხსენებები, რომელიც აღნიშნულ თემას მიეძღვნა და გაიმართა ქ. ათენში 2006 წლის 12-14 მაისს. სტატიების რედაქტორია ცნობილი ბერძენი ხელოვნებათმცოდნე პროფ. მარია პანაიოტიდი-კესისოღლუ (Μαρία Παναγιωτίδη-Κεσίσογλου). შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ კრებული მიეძღვნა ცნობილ ბიზანტინოლოგ ქალს, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორს, ათენის აკადემიის წევრ-კორესპონდენტსა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ანგელიკი ლაიუს (Αγγελική Λαΐου (1941-2008). ის ამ კონფერენციის მთავარი მომხსენებელი იყო და ზოგადად მისი სამეცნიერო ინტერესები სხვა მნიშნელოვან საკითხებთან ერთად, ბიზანტიაში ქალის როლისა და ადგილის განსაზღვრასაც მოიცავდა. კრებული სწორედ მისი ნაშრომების ჩამონათვალით იწყება (გვ. 9-10), რომლებიც ქალს ეძღვნება. შემთხვევითი არც ის ფაქტი უნდა იყოს, რომ კრებულის 17 ავტორიდან ყველა ქალია ორის გარდა.